35 დღის განმავლობაში, როცა რუსული ჯარი კიევის ოლქში, გოსტომელში იმყოფებოდა, დასახლებიდან 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას გოსტომელის დასახლების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტარას დუმენკო ავრცელებს.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც მოკლეს. არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი მოკლეს - არის ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობთ. ინფორმაცია თვითმხილველებმა მოგვაწოდეს, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კავშირი, თუმცა ამ დრომდე ვერ შევძელით პოვნა. ინფორმაციის წყარომ გაქცევა მოახერხა", - ამბობს ის გომადსკის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, ბოროდიანკის მერის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ერკო აცხადებს, რომ ქალაქში 200 ადამიანია დაკარგული. მისი თქმით, შესაძლოა ისინი ნანგრევების ქვეშ დაიღუპნენ, რუსეთის ავიადარტყმების შედეგად.
29 მარტს სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ განაცხადა.
2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს
რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს
შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას